მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოდან მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გადინების პროცესი, იაფფასიანი ტყუილია.
„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და მისი ინკლუზიურობა იყოს საკმარისი პირობა, რათა საქართველოში შევქმნათ სამუშაო ადგილები. რაც შეეხება იმას, რომ მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო, დიახ, ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, მაგრამ მინდა პირდაპირ გიპასუხოთ – საქართველოში სრულფასოვანი აღწერა ჩატარდა 2014 წელს. მოვისმინე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომ საქართველოში მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი, ეს არის ძალიან იაფფასიანი ტყუილი. საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს. როდესაც მე ვსაუბრობ განათლებაში მასშტაბურ ინვესტიციაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ. ჩვენი ეკონომიკური გამოწვევები კომპლექსური ხასიათისაა და ერთი ცალკე აღებული რეფორმა ბუნებრივია, არ ეყოფა ყველა იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. რომელ დევნაზე მესაუბრებით? ეს არის პოლიტიკური შეფასება. არის ორი ვარიანტი – ან ეს არის ტყუილი, ან მეორე – ეს არის სიმართლე და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო სუბიექტურად”, – განაცხადა ბახტაძემ.