დედაქალაქის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში ჯანსაღი ხეები იჭრება, სიცრუეს უწოდებს.
თბილისის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
„მომავლის თაობის პოლიტიკოსმა“ გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე – სკვერში თითქოს, ხეები იჭრება იმისთვის, რომ 12-სართულიანი კორპუსი აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი იმ ზონის ფარგლებში ვითარდება, რა ზონაც არის მითითებული და დადგენილი ყოველგვარი კოეფიციენტის მატების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი „მომავლის თაობის პოლიტიკოსებისგან“. ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
„ნამდვილად საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ლევან ხაბეიშვილი სკვერში იმყოფებოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსი უნდა აშენდეს, რაზეც მოცულობა სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდე არის გაზრდილი და ხეები იჭრება. ვფიქრობ, სირცხვილია მოსახლეობის ასეთი დონით შეცდომაში შეყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ კადრებში ასახული იყო სანიტარიული ჭრები, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს, იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ. კადრებში ნაჩვენები იყო ზუსტად ეს ხეები, რომლებიც გუშინ „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მოიჭრა. ეს ჭრები კვლავ გაგრძელდება და მიმდინარე წელს მცენარეების ჩანაცვლება მთლიანად მოხდება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება სკვერის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობის საკითხს, მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული ინფორმაციაც აბსოლუტური სიცრუეა.
„ტერიტორია, რომელიც სკვერის მომიჯნავედ მდებარეობს და სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო ტერიტორიაა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი-საქმიანობის ზონაა, სადაც ბევრად უფრო დიდი მოცულობის ობიექტი შეიძლებოდა აშენებულიყო. პროექტის მიხედვით, არცერთი ხე არ იჭრება. ძალიან დიდი დენდროლოგიური პროექტია შეთანხმებული, რომლის შედეგებს პროექტის დასრულების შემდეგ ვიხილავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად სირცხვილია, მოსახლეობის ამ დონით შეცდომაში შეყვანა“, – განმარტა მაია ბითაძემ.