ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნოდია – ნულოვანი გამოცდილების მქონე კომიკოსის პრეზიდენტად გახდომა, ჯანსაღი ამბავი არ უნდა იყოს

“ის, რომ ოპოზიციის კანდიდატმა პირველი ტური დიდი უპირატესობით მოიგო, უკრაინის შედარებით დემოკრატიულობაზე მეტყველებს. არ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ ზელენსკი და მის უკან მდგომი კოლომოისკი პრორუსული ფიგურები არიან – ჯერჯერობით ამის თქმის უფლება არ გვაქვს. პირიქით, კოლომოისკიმ აქამდე საპირისპირო ნიშნით წარმოაჩინა თავი.

მაგრამ ის, რომ პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე კომიკოსი, არა მგონია მთლად ჯანსაღი ამბავი იყოს, მით უმეტეს, ომში მყოფი ქვეყნისთვის. შეიძლება მხოლოდ ვიმარჩიელოთ, როგორი იქნება პრეზიდენტის სავარძელში ან უნარების, ან პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. არც ის ვიცით, ჩამოყალიბდება ზელენსკი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად თუ „კოლომოისკის კაცად“ დარჩება.

მიჭირს ჩამოვყალიბდე, ვისი მოგება მინდა მეორე ტურში. მაინც პოროშენკოსკენ ვიხრები იმ აზრით, რომ ნაცნობი სიდიდეა, რაღაც სფეროებში პროგრესს მიაღწია, პროდასავლურ კურსსაც ნამდვილად არ გადაუხვევს. შეიძლება, უკრაინის ქაოტურ პოლიტიკურ ლანდშაფტში ბევრად უკეთესის მიღწევა ძნელი იყო.

მეორეს მხრივ, ზელენსკის გაურკვევლობა შეიძლება პლუს ნიშნით შეაფასო. „ახალი ცოცხი“ ამ ქვეყანას მართლა ძალიან სჭირდება, იქნებ ზელენსკი გამოდგეს ამ როლისთვის? თუ ზელენსკი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და უნარიანი ლიდერი აღმოჩნდა, ეს დასავლეთში უკრაინის იმიჯსაც წაადგება: ანტი-სემიტ ნაციონალისტ ლიდერად მისი წარმოჩენა უფრო ძნელი იქნება”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი.

 

იტვირთბა....