ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი მშვენიერაძე: კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღება არის გააზრებული ნაბიჯი, რომ ჩვენი შვილები დავაშოროთ თავისუფლებას

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით,
კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღება, არის გააზრებული უარი, მომავალი თაობების იმ ღირებულებების რწმენით აღზრდაზე, რომელსაც ხშირად დასავლურ ღირებულებებსაც ვეძახით და რომელიც ჩვენიცაა.

როგორც მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, “ესაა გააზრებული ნაბიჯი, რომ ჩვენი შვილები დავაშოროთ თავისუფლებას, რაგან თავად თავისუფლების იდეაა ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტი”.

“საქართველოს პარლამენტი “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებაზე მსჯელობს.

საკითხში ცოტა სიცხადე რომ შევიტანოთ, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რატომ წერია ეს სიტყვა კანონში. კანონის თანახმად, ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს, მოსწავლისთვის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორად ამ მიზნიდან ხდება სიტყვის “ლიბერალურის” ამოღება.

ლიბერალური დემოკრატიის ცნება ქართველი კანონმდებლის მოგონილი რომ არ არის, მგონი ყველასთვის ცხადია. მისი შინაარსი რამდენიმე პრინციპს ეფუძნება, მათ შორის:
1. ინდივიდის თავისუფლების, ღირსებისა და ავტონომიის აღიარებას და მის დაცვას სახეხლმწიფოს, ეკლესიის თუ საზოგადოების ძალადობისგან;
2. პერიოდულ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც ფორმალური თანასწორობის პირობებში ტარდება;
3. ქვეყანაში ერთზე მეტი ძლიერი პოლიტიკური პარტიის არსებობას, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, პლურალიზმს და სხვადასხვა იდეებისთვის თავისუფალ სივრცეს, სახელმწიფოს ერთმმართველობის შეზღუდვას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ა.შ.

შესაბამისად კანონიდან ამ სიტყვის ამოღება, არ არის უბრალო ტექნიკური ცვლილება, რომელიც ვიღაცის გაუაზრებელი ახირების გამო ხორციელდება. ეს არის გააზრებული უარი, მომავალი თაობების ზემოხსენებული ღირებულებების რწმენით აღზრდაზე, ღირებულებების, რომელსაც ხშირად დასავლურ ღირებულებებსაც ვეძახით და რომელიც ჩვენიცაა. ესაა გააზრებული ნაბიჯი, რომ ჩვენი შვილები დავაშოროთ თავისუფლებას, რაგან თავად თავისუფლების იდეაა ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტი.
თუ ვაჟა-ფშაველას დავესესხებით, “თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.”

სწორედ სხვის ხელში სათამაშო ნივთების აღზრდისთვის ხდება ამ ცვლილების განხორციელება”, – წერს მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტში ლიბერალის საუკეთესო გაგება სიტყვა-სიტყვითაა ჩადებული.

იტვირთბა....