ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, აუცილებელია მხარდაჭერა იმ მოცემულობაზე, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი.

„ვფიქრობ, ძალიან ხშირად ქვეყნის დონეზე ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების მიერ განსაზღვრული მოთხოვნების. ძალიან ხშირად ჩვენ ზედმეტად მკაცრად ვუდგებით საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც პირიქით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები, პაქტები და ა.შ. საკმაოდ ვრცელ თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოებს, რომ საკუთარი სუვერენული უფლება გამოიყენონ. ჩვენ ყოველთვის გვრჩება სივრცე დისკუსიისა და ადგილობრივ კონტექსტთან მიმართებით შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტის ადაპტირებისა და ვთქვათ რატიფიცირების პროცესში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე შესაძლოა, დამატებითი დისკუსიები გაიმართოს.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

წყარო: “1ტვ

იტვირთბა....