ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი: სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფასადს უკან დგას სოციალური წესრიგი, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს ცალსახა უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ.

„მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმ გარემოებას, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და ემსახურება მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას. ეს არა მხოლოდ რომელიმე პასუხისმგებელი პირისა თუ უწყების დაუდევრობის, არამედ უფრო მეტად იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად ახორციელებს.

გაცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ფასადს უკან დგას სოციალური წესრიგი, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს, ხოლო ერთის გამდიდრების ხარჯზე სხვის გაღარიბებას. ამ სოციალური წესრიგის შედეგად მივიღეთ ვითარება როცა თანადგომაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქცევა სისუსტედ მიიჩნევა, ხოლო კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული. ეს პოლიტიკა ყველაზე რადიკალური ფორმით ჩვენ წლების წინ გამოვცადეთ, როცა მიზანმიმართულად გაუქმდა ყველა ის მარეგულირებელი ნორმა და ინსტიტუტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხდება ცვლილებების მხოლოდ სიმულირება, რაც ვითარებას ბუნებრივია ვერ შეცვლის. გამოცდილებამ გვანახა, რომ განვითარების ეს გზა იწვევს ერთეულების განვითარებასა და გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე. სწორედ ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზი. მაგრამ მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა. სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მთავარი რისთვისაც უნდა იბრძოლოს ყველამ“, – აღნიშნულია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა მიწა ჩამოიშალა და და ორი მუშა მოიყოლა. ორივე მათგანი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.

იტვირთბა....