ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Night Lab – თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტმა ღონისძიებების ახალი სერია დაიწყო

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ერთობლივი პროექტის – Night Lab-ის პირველი ჰაკათონი გაიხსნა. ღონისძიებას „ღვინის ქარხანამ“ უმასპინძლა.
ღონისძიების დაწყებამდე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ დირექტორი გური ქოიავა გაუძღვნენ. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „თბილისის სტარტაპ ბიუროსთან“, მედია ჯგუფთან „For You“ და თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმება და განხორციელდება Night Lab-ის ღონისძიებები.
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერის სერგი გვარჯალაძის თქმით, ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციურ იდეებს და მათ განხორციელებას.
”ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება ამ ღონისძიების ის არის, რომ ხელი შევუწყოთ უპირველეს ყოვლისა ინოვაციურ იდეებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ორი დრის მანძილზე ახალი ციფრული პროექტები, პროდუქტები, იდეები და სერვისები შეიქმნება ამ ჰაკათონის ფარგლებში”, – განაცხადა თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ.
ჰაკათონში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებმაც შესარჩევი ტური წარმატებით გაიარეს. შერჩეული გუნდები 48 საათის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში შექმნიან ციფრულ სერვისებს, პროდუქტის პროტოტიპებს, აპლიკაცია/ვებგვერდებს, მოწყობილობებს ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებებს, რომლებიც რელევანტური იქნება ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
31 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც წარდგენილ პროექტებს შეაფასებს სპეციალურად შერჩეული კომპეტენტური ჟიური. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და სხვა პრიზები.
Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტების ან ბიზნეს იდეების გენერირებას, რომლებსაც აღასრულებენ ან გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავთ.
სერიის მიზანია, ღამის ეკონომიკის ჭრილში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისა და პროდუქტების განვითარება, ინოვაციური იდეების გენერირება და ხელშეწყობა.
პროექტის პარტნიორები არიან: Orient Logic, Grant Thornton Georgia, Spark, Edison, Dunkin, Wendy’s, და GITA. პროექტის მთავარი მედიაპარტნიორია 4U.ge

იტვირთბა....