„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მისთვის უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა ჩატებიდან სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა. მისი თქმით, მესიჯებს, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, დეპუტატ ნინო წილოსანს უგზავნიდა და შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.
“ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს, შეიძლება ადვილად ვივარაუდოთ, მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და შეიძლება წლების განმავლობაშიც, აი, ვინ დარბოდა „რუსთავი 2“-თან მესიჯებით და ვის გაჰქონდა შიდა მესიჯები გარეთ. თუმცა ასევე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ ეწერა, იყო მთელი დღის ამონაკრები, თუ რა მესიჯები გახმოვანდა ჩვენი მხრიდან. შეცდომით მოხდა მესიჯის გაგზავნა ბესელიასთან. რამდენიმე წუთში გავარდა და ტელევიზიებს ეს ამბავი მოუყვა. ამას ალბათ, ადრეც გააკეთებდა.“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ბესელიამ განცხადებით, მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი გზავნილი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა.