ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ოდიშარიამ განაცხადა, რომ საშუალოვადიან გეგმებში სოციალური მუშაკებისთვის იგეგმება ხელფასის გაზრდა
მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს ჩვენი ბენეფიციარები არ დაზარალდნენ და მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. გავაკეთებთ მობილიზაციას სხვა იმ რესურსების და თანამშრომლების, რომლებსაც ჩავრთავთ გადაუდებელ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია: ზოგან დასრულდა,ზოგან ისევ მიმდინარეობს რემონტი. ყველა რეგიონს დაუმატეს ერთი მანქანა და შემდგომში კიდევ დაემატება. ასევე, ჩამოაშორეს ადმინისტრაციული საქმეები სოციალურ მუშაკებს, რადგან მათი განტვირთვა მოხდეს. შემდეგ კვირაში იგეგმება სპეციალისტების დატრენინგება. ჩვენ გვყავს შიდა საბჭოც, სადაც სოციალური მუშაკებიც არიან ჩართული. სამოქმედო გეგმას ამ საბჭოსთან ერთად მივყვებით, მათ ვაბარებთ ანგარიშს, ისინი გვთავაზობენ წინადადებებს, თუ როგორ არის უკეთესი. საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. ამგვარად, ჩართულობა ამ მხრივ უზრუნველყოფილია” – განაცხადა ნინო ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, 25 მარტს სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.