თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით შეიქმნა, პარლამენტში დარეგისტრირდა.
კანონპროექტის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შესაბამისად, დეპუტატს მიაჩნია, რომ საკომიტეტო მოსმენამდე, კანონპროექტზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.
“ამ პროექტმა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში. მათ შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ სპეკულაციას, იმდენად, რამდენადაც ჩემი პროექტის მიხედვით, არანაირი მინიშნება ან მითითება არ არის, რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა.
„უახლოეს ხანებში მე ვგეგმავ შეხვედრას, იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავათით თუ ასე გაგრძელდა, ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება მთლიანად თავდაცვის უსაფრთხოების სექტორს, ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900 -მა წვევამდელმა არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. მე ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჩაერთოს ამ დისკუსიაში, მას შემდეგ რაც შევჯერდებით და მოვხსნით ამ შფოთვას რელიგიურ ორგანიზაციებში, რომ ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას, უკვე მაშინ მოხდება მისი კომიტეტზე განხილვა.
„ვფიქრობ, შესაძლებელია გამოიძებნოს ისეთი გადაწყვეტა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთის მხრივ არ შევზღუდოთ რელიგიის თავისუფლება, მეორეს მხრივ სათანადოდ უზრუნველვყოთ ქვეყნის თავდაცვის ინტერესები“ – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, ბიუროზე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი დარეგისტრირდა.