ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციებს ყოველთვის ითვალისწინებს.

მინისტრის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია.

„ადამიანის უფლებები ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საქართველო მიისწრაფვის იქითკენ, რომ ქვეყანა სრულ შესაბამისობაში და სტანდარტებში იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს აღიარებულია ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გვქონდა საქართველო-ევროკავშირის საბჭოში, აღინიშნა პროგრესი და ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც ჩვენ დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს. ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ. ეს არის ანგარიში, რომელშიც ჩვენ აშშ-ის მხრიდან შეფასება არ გვაქვს. ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია.

ანგარიშში საუბარია ითხოზორია-ტატუაშვილზე და მათ მკვლელობაზე, ამის მიუღებლობაზე. არის პირდაპირ მოყვანილი ის შეფასებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობითი ნაწილია. ასევე საუბარი არჩევნებზე. აქაც მოყვანილია ეუთო-ს დასკვა, რომელიც ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო. ამ დასკვნიდან ანგარიშში პირდაპირი ციტირებაა. დასკვნაში ჩვენ გვაქვს, როგორც პოზიტიური და მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე საუბარია ხარვეზებზე, რომელიც იყო. ხარვეზების შესახებ საქართველოს ხელისუფლობის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

იტვირთბა....