იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, ამ თემაზე ღიად საერთოდ არ ისაუბრებდა.
წულუკიანის თქმით, მის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პირველად შეესაბამება სიმართლეს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ადგილი სხვას დაუთმოს.
„მეშვიდე წელი დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. თქვენ მართალი ბრძანდებით, კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება, გადააყენონ, გაუშვან ან წავიდეს. ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს და, როდესაც გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას. ამ თემაზე არ ვისაუბრებდი, ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო. რაკი თქვენამდე მოვიდა, მედია გამოხატავს ინტერესს და, როცა ეს სიმართლეა, მე ვთვლიდი თავს გუშინ ვალდებულად, რაკი სიმართლე იყო, გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი, წინა სპეკულაციები, თუ მოთხოვნები რეალობისგან ძალიან შორს იყო. ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარის ღირსად არ ჩამითვლია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, მინისტრად დარჩენის შემთხვევაში მაინც იტყვის თუ არა, რა საკითხზეა აზრთა სხვადასხვაობა, მინისტრი პასუხობს, რომ აღნიშნულ თემაზე შესაძლოა, მაშინ ისაუბროს, როცა თეთრი თმა ექნება.
„როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმას და გავიკეთებ დიდ „კოსას“, თქვენ, რა თქმა უნდა, მაშინ ისევ ახალგაზრდები იქნებით, შეიძლება, ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს, ანუ თემის დაკონკრეტებას. საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად, რომ არ გამოსულიყო გარეთ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი. რაკი გარეთ გამოვიდა და რაკი სიმართლეს შეესაბამებოდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ დამედასტურებინა ეს თქვენთვის. მინდა გჯეროდეთ, მეშვიდე წელი დაიწყო, რაც არც ერთ კომენტარის დროს მე თქვენთვის ტყუილი არ მითქვამს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თემას მეტი ყურადღება არ სჭირდება.
„რაკი იყო სიმართლე, დაგიდასტურეთ. მანამდე ბევრი სპეკულაცია იყო ხოლმე და არასდროს გიდასტურებდით, რადგან არ იყო სიმართლე. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამ თემას მეტი ყურადღება სჭირდება, მეტ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ნამდვილად არ ვთვლი, რომ ერთი ადამიანი, თუნდაც მინისტრი იმსახურებს ამდენ ყურადღებას. ამიტომ დავმშვიდდეთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.