დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთავრობის შემადგენლობაში.
ბესელიამ აღნიშნული კომენტარი თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
„თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად დავინახო პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. არ ვიცი დეტალები, ამიტომ, ვერ გავაკეთებ რამე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.