თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გლდანის მეორე პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე პირის დაკითხვა მიმდინარეობს.
დაკითხვაზე მყოფთა შორის არის ის ორი ადამიანი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
როგორც მათი ახლობლები ჰყვებიან, თავდამსხმელებმა ავტომობილი, მასში მყოფ ორ ადამიანთან ერთად, გუშინ ღამით გაიტაცეს. ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, გატაცებულები ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად კი ადგილიდან მიიმალნენ.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილის 10:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დანაშაულის ადგილის დატოვება მძევლის დახმარებით მოახერხეს.
შსს-ს ცნობით, ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი, ამ ეტაპზე, არ დასტურდება. მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.