ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთის მოქალაქეები ხელისუფლების უპატივცემულობისთვის დაისჯებიან – რუსეთის დუმა

The Guardian-ის ინფორმაციით, რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც სასამართლოს უფლებას აძლევს, დააპატიმროს ხალხი სახელმწიფოსა და საჯარო პირების, მათ შორის, პრეზიდენტის „უპატივცემულობისთვის“.

ახალი კანონით იმ პირებისთვის, რომლებმაც ინტერნეტში „უხამსი პოსტებით“ გამოხატეს „საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების, კონსტიტუციისა და ხელისუფლებისადმი უკიდურესი უპატივცემულობა“ გათვალისწინებულია 100 000 რუბლის ოდენობით (დაახ. 4070-ლარიანი) ჯარიმა.

ხოლო განმეორებითი შემთხვევისას მოქალაქეები გაორმაგებული ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით შეიძლება დაისაჯონ.

როგორც The Guardian წერს, კანონს სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფში კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ეს საბჭოთა ცენზურას ახსენებთ და მიმართულია პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისკენ.

„მალე ხუმრობებს მხოლოდ სამზარეულოში, ჩურჩულით მოვყვებით“, – წერს მოსკოვში მომუშავე იურისტი სერგეი შვაკინი Facebook-ზე.

„სოვა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვერხოვსკის თქმით, ახალი კანონით ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერი ინტერნეტში გავრცელებული არასასურველი კომენტარი ან ხუმრობა შეზღუდოს.

მმართველი პარტიის წევრის ანდრეი კლიშასის ინიცირებულ კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა რუსეთის დუმასა და ხელისუფლებაშიც. „ხელისუფლების ერთ-ერთი დანიშნულებაა ისიც, რომ მოისმინოს მისი კრიტიკა“, – ამბობდა კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე ალექსეი ვოლინი გაზეთ „ვედომოსტისთან“ ინტერვიუში. კლიშასი კი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება იმსახურებს პატივისცემას და საბოლოოდ მისი ინიცირებული კანონპროექტი დუმამ დაამტკიცა.

იტვირთბა....