სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერიაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხიდი რეაბილიტაციის პროცესში უფრო დააზიანა.
დასკვნის მიხედვით, ხიდის მთავარი პრობლემა დაზიანებული ბურჯები იყო. თუმცა 64,2 ათას ლარიანი ტენდერის სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანია შპს TU-KA-მ სავალი ნაწილის რეაბილიტაციით დაიწყო. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტმა საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით პროექტიც შეცვალა და კომპანიას ოთხის ნაცვლად ერთი ბურჯის გაკეთება მოუწია.
“სამუშაოების ამგვარ წარმართვას დაეთანხმნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები”, — წერია ანგარიშში.
მუნიციპალიტეტს ოთხი ბურჯის გამაგრებაზე უნდა დაეხარჯა 38,3 ათასი ლარი, ფაქტობრივად კი ერთი ბურჯი გაამაგრა და დახარჯა 45,6 ათასი ლარი. გარდა ამისა, კომპანიამ სავალ ნაწილზე ლითონის ფურცლები ხის მასალით ჩაანაცვლა. შედეგად, ლითონის ფურცლებით მოწყობაზე უნდა დახარჯულიყო 25,9 ათასი ლარი, ნაცვლად ამისა, ხის ფიცრებით სავალი ნაწილის მოწყობაზე გადაიხადა 18,6 ათასი ლარი.
2018 წლის 13 სექტემბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ხერიის ხიდი. უწყების ინფორმაციით, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ხიდის მარცხენა ბურჯის ორი ბოძი დაზიანებულია, ერთი ნაწილი გაღუნულია, მეორე ნაწილი — ძირში გატეხილი. გარდა ამისა, დაზიანებულია სავალ ნაწილზე არსებული ფიცარნაგი, რის გამოც ხიდი საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების დროს და არ ფუნქციონირებს