სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე კომენტარს სოციალიურ ქსელში თავად დაზარალებული გამოეხმაურა. მისი თქმით, პირველ დღესვე პროკურატურის მიერ საჯაროდ გამოთქმული ვერსია, თითქოს ხეჩუაშვილმა ქვეყანა დატოვა მხოლოდ და მხოლოდ მათ ვარაუდს ემყარება, რადგან არ არსებობს ამ ვერსიის მტკიცებულება.
“ჩემი აფეთქების საქმეზე დარჩო ხეჩუაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი 18 წლიანი სასჯელი ადეკვატურია, რადგან უტყუარადაა დადგენილი, რომ სწორედ ის იყო ჩემს მიმართ ტერაქტის შემსრულებელი ჯგუფის ხელმძღვანელი. ასევე, დარჩო ხეჩუაშვილმა უშუალოდ დაამონტაჟა ბომბი ჩემს მანქანაზე, ხოლო შემდგომ მოქმედებაში მოიყვანა ის.
სახელმწიფოს დარჩო ხეჩუაშვილი არ დაუკავებია, მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სასჯელი. პირველსავე დღეს პროკურატურის მიერ საჯაროდ გამოთქმული ვერსია, თითქოს ხეჩუაშვილმა ქვეყანა დატოვა, როგორც შემდგომში გაირკვა, მხოლოდ და მხოლოდ მათ ვარაუდს ემყარება, რადგან არ არსებობს ამ ვერსიის მტკიცებულება (საზღვრის კვეთა, ოპერატიული ინფორმაცია). შესაბამისად, შესაძლოა ხეჩუაშვილი დღესაც ქვეყანაში იმყოფებოდეს.
ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია დარჩო ხეჩუაშვილის ცოლის ძმა ბორის ჩაგუნავა. სწორედ ჩაგუნავას სახლში იპოვეს ხეჩუაშვილის ნივთები, მათ შორის, ტერაქტის მოსამზადებლად საჭირო დეტალური ინფორმაცია და ტერაქტის გეგმა. ასევე, სამი სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, დეტონატორები, ორი ავტომატი, ოპტიკური სამიზნე, დიდი რაოდენობით ტყვიები და ყუმბარები. ჩაგუნავას საქმე ცალკე გამოყვეს (რამაც მე პროცესში მონაწილეობის უფლება არ მომცა, რეკორდულად სწრაფად დაამთავრეს გამოძიებაცა და სასამართლოც, გაასამართლეს მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის., მიუსაჯეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქვე შეუცვალეს ექვსწიანი გამოსაცდელი ვადით და დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ბორის ჩაგუნავა წარსულში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნეძეზე პირველ ტერაქტსა და მუხროვანის პირველ ამბოხში იყო ბრალდებული.
დარჩო ხეჩუაშვილის მეორე თანამზრახველი დიმიტრი აბრამიშვილი იყო. გამოძიება თანხდება, რომ სწორედ ის მონაწილეობდა როგორც ტერაქტის დაგეგმვაში, ასევე მის შესრულებაში. ის რამდენჯერმე დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ როგორც ჩემს სახლთან ტერაქტის მომზადების პერიოდში, ასევე აფეთქების დღეს აბაშიძის ქუჩაზე მანქანაში დარჩო ხეჩუაშვილთან ერთად, ხოლო აფეთქების შემდეგ ხეჩუაშვილი თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის დატოვებისას მეზობელს აბრამიშვილის ტელეფონით ეკონტაქტებიდა.
მიუხედავად ამისა, აბრამიშვილის საქმე, ჩაგუნავას მსგავსად, ცალკე გამოძიებაში გამოყვეს და მას დღემდე ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ მიენიჭა, რაც აძლევს ქვეყანაში ყოფნისა და საზღვრის კვეთის სრულ თავისუფლებას.
დიმიტრი აბრამიშვილი წარსულში დადასტურებულად იყო მევლუდ ჭიჭიაშვილის ბანდის აქტიური წევრი და მუხროვანის პირველ ამბოხებაში მონაწილეობდა., ისევე, როგორც ჩაგუნავა და ხეჩუაშვილი.
არც გამოძიებას, არც სასამართლოს არცერთ ეტაპზე საერთოდ არ უმსჯელია დანაშაულის მოტივზე და დამკვეთებზე, რაც ნონსენსია. დანაშაული მოტივის გარეშე არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები ზედმიწევნით ზუსტად ჯდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის მუხლის დებულებებში (სახელმწიფოს წაემომადგენელზე, კერძოდ, დეპუტატზე თავდასხმა, აფეთქება განხორციელდა ჰექსოგენის პაკეტით, რომელშიც განთავსებული იყო ლითონის ელემენტები, განხორციელდა გადაადგილების მარშრუტის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ფიზიკური დაზიანება მიიღო შვიდმა ადამიანმა, ერთერთი სამუდამო დ დაინვალიდდა, დაზიანდა თოთხმეტამდე ავტომობილი, მიმდებარე შენობები), პროკურატურამ ჩემი მრავალჯერადი მოთხოვნები საქმის გადაკვალიფიცირების თაობაზე უარყო და პროცესი ბოლომდე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოა.
ზემოჩამოთვლილი იძლევა სრულ საფუძველს ვარაუდისა, რომ გამოძიება პირველივე დღიდანვე მიმდინარწობდა არასწორად, შესაბამისად, სასამართლო პროცესი იქცა ფიქციად, სადაც დაუსწრებლად გამტყუნდა მხოლოდ ერთი, ისიც ძებნაში მყოფი დამნაშავე”.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და ძებნილ დარჩო ხეჩუაშვილს დაუსწრებლად,18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.