თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო პარლამენტარ გიორგი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე და მას დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„დ.ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც უკანონოდ ატარებდა და რაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა, მან აფეთქებით დააზიანა და გაანადგურა სხვისი ნივთი ,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და მძიმე შედეგი გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით, ამ უკანასკნელზე თავდასხმას, კერძოდ, მან თანამზრახველებთან ერთად, პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:09 საათზე, მას შემდეგ რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ პარლამენტარი თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილში ჩაჯდა, მან საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ხოლო, ორგანიზაციებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ძებნილი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.