„პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,, 360 გრადუსი“ დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ის სამთვიანი პერიოდი, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იყო დაანონსებული, პირადად ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოცდა იქნება.
,,შეიძლება გუნდიდან წასული დეპუტატები პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, რომ ჩვენ ერთად დავდებთ შედეგს. ნაწილი დეპუტატების და მათ შორის მეც ვფიქრობთ, რომ აი, ის დაანონსებული სამთვიანი პერიოდი გაზაფხულისთვის პირადად ჩემთვისაც იქნება ძალიან დიდი გამოცდა ჩვენი გუნდის, რადგან რა პირობაც მივეცით მოსახლეობას, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.
მისი თქმით, გუნდს აქვს დადებული სამი პირობა. ,,პირველი – ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში, არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმას; მეორე – ამ ხნის განმავლობაში უნდა მოხდეს სისტემის გაჯანსაღება, დაიხვეწოს კრიტერიუმები და მესამე – იმ კანდიდატ მოსამართლეებზე, რომელთა მიმართაც არსებობს შეკითხვები, თითოეული მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და არ იქნება ზეგავლენა და ვინმეს ხათრით ხმის მიცემა. უნდა ვთქვა, რომ იუსტიციის საბჭომ გუნდში უხერხულობა შექმნა“, – განაცხადა ხუციშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე – რაზე იქნება დამოკიდებული მისი გუნდიდან წასვლა, ხუციშვილი პასუხობს: „როდესაც ადამიანი პოლიტიკაშია, აუცილებლად უნდა ფიქრობდეს არა დღეს მიღებულ ემოციურ გადაწყვეტილებაზე, არამედ შედეგზე, კონკრეტულ დროში გასვლა რა შედეგზე არის ორიენტირებული, რამდენი ადამიანი გადის, როგორი იქნება გუნდის ფორმირება, როგორ მივა გუნდი შემდეგ არჩევნებამდე, რა საფრთხეები არსებობს, ვინ იქნება ამ გუნდის კონკურენციაში და ზოგადად რა მოცემულობა იქნება. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული დასალაგებელია. ამ ყველაფერზე, ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ამ პროცესში ვერ შევასრულეთ ის დაპირება, რასაც ვაძლევთ ჩვენს საზოგადოებას, ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება ჩემთვის, მაგრამ როგორ დასრულდება, ჯერ ვერ ვიტყვი“, – დასძინა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ