პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში კოალიცია „დამოკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლია და არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდეს.
„რაც შეეხება გიორგი მშვენიერაძეს, ეს არის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო ჩართული. ამ ადამიანის და ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო. შეგახსენებთ, რომ ვიდრე მშვენიერაძე სხდომას დატოვებდა, მას ჯერ კიდევ დილით არაპირდაპირი ფორმით ჰქონდა ნათქვამი, რომ სხდომას მოგვიანებით დატოვებდა. ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი. როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე. მათი ბოიკოტი პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს. ჩვენი ამოცანაა, გავწეროთ მკაფიო პროცედურა და კრიტერიუმები და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ქვეყნის და არა გიორგი მშვენიერაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სამუშაო ფორმატი დატოვა, რომელზეც მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ. გიორგი მშვენიერიძის განმარტებით, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის რეკომენდაციები