ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე გამსკოჩეს” – ქალი, რომელიც გაძარცვეს

გუშინ, 13 თებერვალს ბათუმში, ხუტა ბელქანია გაძარცვეს. გუშინვე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სპეცოპერაციის შედეგად, ძარცვის ბრალდებით, ორი ბიჭი დააკავეს.  ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ხუტა ბელქანია, აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ქალია. ის 2009 წლიდან მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს

ხუტა ბელქანიას თქმით, ორი ახალგაზრდა ბიჭი მასთან დაახლოებით დღის პირველ საათზე მივიდა.

„გავაღე კარი. ბიჭებმა მითხრეს, „სოკარის“ თანამშრომლები ვართ, უნდა გადავამოწმოთო. შემოვიდნენ და რაღაცას ნახულობდნენ… მითხრეს, რომ რაღაც პრობლემაა, თქვენ ნომერს ჩავიწერთ და მალე მოვალთო. მაშინ აქ ჩემი მეგობარი იყო და არ დარჩენილან დიდხანს. მე ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და წავიდნენ.

მერე დამირეკეს, ჩვენ ვართ ისევ და ხომ შეიძლება მოვიდეთო. მკითხეს, მარტო ხართო, კი-მეთქი და მაშინვე მოვიდნენ… ისევ კულტურულად შემოვიდნენ და დასხდნენ. მითხრეს, ზედამხედველს ველოდებითო. მე ყავა და მანდარინი მივართვი… ამ დროს მითხრეს, ტელევიზორი „რუსთავი 2“-ზე ჩართეო…

წავედი ტელევიზორის გადასართავად და უცებ უკნიდან მომხვია რომელიღაცამ ხელი… პირი „გამისკოჩეს“, მერე ხელები და ფეხებიც…“ – აცხადევს ბელქანია.

ხუტა ბელქანიას თქმით, მისთვის ახალგაზრდებს არაფერი მოუთხოვიათ და თავად ეძებდნენ ძვირფას ნივთებს:

„თავიდან მდივანზე ვიჯექი და ვწვალობდი, გადმოვსრიალდი რამდენჯერმე და დავეცი იატაკზე. მერე სკამზე დამსვეს ძალით… მეზობელმა რომ დააკაკუნა, უცებ წავიდნენ. ძვირფასი ნივთები წაიღეს… მეზობლის ქალი აღარ შემოსულა. მარტომ ვიწვალე ალბათ ერთი საათი… სულ სისხლიანი ვიყავი, ძლივს გავაღწიე გარეთ და შველა ვითხოვე,“ –  განაცხადა ხუტა ბელქანიამ.

 

იტვირთბა....