ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვეთანხმები, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ” – მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არ იზიარებს ცალკეული პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომ მოსამართლეები პილიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს, გიორგი მიქაუტაძის თქმით, მას ნამდვილად არ აქვს იმის დრო, რომ წაიკითხოს ყველა “პოსტი” და კომენტარი, რაც სოციალურ ქსელში იწერება.

„როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, ამაში არავის ვეთანხმები. პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა თუნდაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, გარკვეულწილად ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, ამიტომ იყო პოლიტიკოსების ჩართულობა ამ თემაში და მათი განცხადებები მუდმივად გვესმოდა თემის ირგვლივ. არამარტო განცხადებები, არამედ კითხვებიც. პოლიტიკოსები კითხვით მოგვმართავდნენ საჯარო სივრცეში, რომ რაღაცა მოსწონდათ ან არ მოსწონდათ ან სხვაგვარად უდოდათ რომ გაკეთებულიყო, ეს ხომ ფაქტია?! ამ კითხვებზე საპასუხო განცხადების გაკეთება, რატომ ითვლება პოლიტიკურ განცხადებად?! ჩვენ არ ვაკეთებთ არც ერთ განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ საპასუხო განცხადებას სასამართლო სისტემასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, რამდენად ეთიკურია, ხომ არ არის გადაცდომის ნიშნები და ა.შ. ამ საკითხებს ძალიან კარგად არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა. თუ ვინმე ეთიკურობის ნორმებს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს ის, იუსტიციის საბჭოს წევრი, მოსამართლე იქნება თუ ა.შ. ეს განხილვის საგანი უნდა გახდეს, თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი”, განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იტვირთბა....