საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ იპოთეკური სესხი აქვს აღებული, რაც დააახლოებით 900 000-მდე ლარია.
“დეკლარაცია ნახეთ და იქ წერია ყველაფერი. იპოთეკური სესხის თაობაზეც წერია, რაც შესყიდვის საფუძველი გახდა. წერია ოჯახის შემოსავლებიც. რეალურად, სანამ რამეს იყიდი ხომ უნდა გქონდეს შემოსავალი. მანდ წერია, რომ მე მაქვს 350 000 დოლარამდე იპოთეკური სესხი აღებული. პლიუს შემოსავლები, რაც ოჯახს გააჩნია. ჩემი ოჯახი ძლიერი ოჯახია და შემოსავლები გაგვაჩნია. დეკლარაციაში წერია ყველაფერი.
იპოთეკური სესხი ნიშნავს უძრავი ქონების შეძენას საბანკო სესხის საშუალებით. ჩემს ოჯახს სამეწარმეო საქმიანობიდან აქვს შემოსავალი და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული. 350 000 დოლარამდე, რაც იპოთეკური სესხი გვაქვს აღებული, დაახლოებით 900 000-მდე ლარია. მანდ ითვლიან რა შემოსავალი გაქვს სესხის, ხელფასისა და სამეწარმეო საქმიანობით და რა გასავალი გაქვს. გასავალი ესაა ვთქვათ, ბანკის მომსახურება, სწავლის საფასური და ა.შ. რაც ყველა ადამიანს აქვს – მარტივი არითმეტიკაა”, – აცხადებს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს, უძრავ ქონებაში 1 მილიონი ლარი დააბანდა. გასულ წელს კანონმდებელმა და მისი ოჯახის წევრებმა USD 382 000 ღირებულების ქონება შეიძინეს ($1/2.65 ლარი), რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი.
ეს ინფორმაცია ქუცნაშვილის დეკლარაციაშია მითითებული.

