დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გუშინ, ლიეჟში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრებაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დემარშები ყოველთვის ავანტიურისტული და სკანდალური ფონით ხასიათდება.
„ეს არის ხალხი, რომელიც მნიშვნელოვანწილად სოციალური პრობლემების გამო წავიდა ქვეყნიდან და მათ ამ ქვეყანაში დაბრუნების ყველა წინაპირობა უნდა ქონდეთ. ამ მიმართულებით რაღაც პოლიტიკური გრადუსის აწევა და ცოტა ავანტიურისტული პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვევია სააკაშვილს, არ არის პოზიტიური ამ პროცესის მიმართ. გასაგებია, რომ თუ ვიღაცა რაღაც ღონისძიებას ატარებს, სჯობს, ჩაატაროს და ამ პროცესში არავინ ჩაერიოს, მაგრამ ეს სააკაშვილია და როგორც წესი მისი პოლიტიკური დემარშები ყოველთვის ავანტიურისტული და სკანდალური ფონით ხასიათდებოდა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.