პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამორიცხავს დამალვას, გაუჩინარებას, გაჩერებასა და ბრძოლის შეწყვეტას.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირდება.
“თუ ყოველდღე მკითხავთ რას ვაპირებთ და რა ხდება ჩვენს გონებაში, ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგვრჩება. მართლა გვჭირდება ეს დრო, არ ვართ უქმად და გვაქვს შიდა კონსულტაციები, ვფიქრობთ შემდეგ ნაბიჯებზეც, რომ ეს იყოს არა ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი შედეგზე, იმ შედეგზე, რომელიც ამ პროცესს სჭირდება. დიდხანს არა, ალბათ, იმდენი დღე დაგვჭირდება, რამდენიც აუცილებელია შევჯერდეთ შემდეგ ნაბიჯებზე.
ყოველთვის დგება პოლიტიკოსის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც დგახარ გადაწყვეტილების წინაშე. ეს ახლა სხვა ტიპის არჩევანია ჩვენთვის, ეს არის საპასუხისმგებლო პოლიტიკური პროცესი. დრო გვჭირდება გასარკვევად, სად ვაგრძელებთ და ვისთან ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე პირადად უარი არასოდეს მითქვამს, არ უთქამს გედი ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და სხვებს. ჩვენ არ შეგვიცვლია ღირებულებათა სისტემა. ჩემი აზრით, შეიცვალა იმ ადამიანების ხედვა, ვისთან ერთადაც მოვდიოდი. ამიტომ დგას ეს არჩევანი პირადად ჩემთვის”,- განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, თარიღს, როდის გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, უახლოეს დღეებში იტყვის.
“ახლა მიჭირს ამის თქმა იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებსაც ვესაუბრები ამის თაობაზე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – რას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო. ერთადერთი, რაც მაფიქრებს არის ის, რომ არცერთი ჩვენი ნაბიჯით, არცერთი ჩვენი გადაწყვეტილებით არათუ ხელს არ შევუწყობთ და არ მივეხმარებით, არამედ, ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შევუშალოთ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით უკან დაბრუნებას. ეს არის მთავარი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენს ნაბიჯებს”, – განაცხადა ბესელიამ.