ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც შეიძლება ციხეში იჯდეს” – დოლიძე

პარლამენტის ცხრა დეპუტატის ინიციატივას, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას გულისხმობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიესალმება.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა არასწორი და უდროოდ გადადგმული ნაბიჯი იყო.

„ამ საბჭოს ხელში ამ უფლების მიცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. იმ ხნის განმავლობაში, რაც იყო უვადოდ დანიშვნები, ჩვენ დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა. უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც მოსამართლესაერთოდ არ უნდა იყოს, ან შეიძლება ციხეში უნდა იჯდეს.

ძალიან კარგია, რომ ეს ინიციატივა დღეს დადგა. პირველი საფეხური ალბათ ეს არის და რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, უნდა გაჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და სასამართლო სისტემიდან რეპუტაციაშელახული მოსამართლეები უნდა გაუშვან.

„ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სამ საფეხურიანი ამოცანა გვაქვს – გაჩერდეს უვადოდ დანიშვნა, კლანის ხალხი არ უნდა დავნიშნოთ უზენაეს სასამართლოში და სისტემიდან გავუშვათ რეპუტაციაშელახული მოსამართლეები.

აქ იგულისხმება ვთქვათ, ის მოსამართლე, რომელსაც მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ან რომელზეც მიუთითა ცალსახად სტრასბურგმა. უამრავი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი არის ე.წ. გადარჩევის. შეიძლება ამაში ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ჩართვა.

ფაქტია, რომ მურუსიძის, ჩინჩალაძის და მათი ამ ჯგუფის გაჩერება სასამართლოს აზიანებს. მათ შორის აზიანებს კეთილსინდისიერი მოსამართლეების რეპუტაციას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა,რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა, რომელსაც ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

იტვირთბა....