ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს პარლამენტში განათლების მინისტრს მოუსმენენ

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში, პლენარული სხდომის ფორმატსა და  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მოუსმენენ.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, მინისტრთან შეკითხვები ექნებათ საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენაზე კი ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრებენ – ამ საკითხზე კომიტეტში მინისტრი ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

„პლენარულ სესიაზე მიხეილ ბატიაშვილი 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს, რომელიც შეეხება მიმდინარე და დაანონსებულ ცვლილებებს. პლენარული სხდომის შემდეგომ ჩვენ გვექნება საკომიტეტო მოსმენა. მოგეხსენებათ, რომ უმცირესობის ფრაქციის მხრიდან გაიგზავნა წერილი და მინისტრს ეთხოვა, საკომიტეტო მოსმენაზე დეტალური ანგარიშის წარდგენა ზუგდიდის სკოლის თემასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებთ სწორედ პლენარული სხდომის შემდგომ“, – განაცხადა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა.

 

იტვირთბა....