განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას უდიდეს შეცდომად აფასებს. ამის შესახებ მან “აიპრესს”-თან ისაუბრა.
შაშკინის თქმით, ეს იგივეა, როცა ადამიანი ავად არის ექიმი ეუბნება, რომ თუ ანალიზებს არ გაიკეთებს, გამოჯანმრთელდება.
„თავის დროზე საატესტატო გამოცდები ერთადერთი მიზეზით და ერთადერთი მიზნით იყო შექმნილი, რომ ჩვენ გვქონოდა სრული სურათი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს სისტემაშია. აღმოფხვრილიყო კორუფცია განათლების სისტემაში და ბავშვებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ უმაღლეს სასწავლებელებში თავისი ნიჭით და თავისი ცოდნით. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად იყო მონაცამები, რომ განათლების ხარისხი უარესდება და უარესდება. ანუ, ბავშვები აჩვენებდნენ სულ უფრო ცუდ და ცუდ შედეგებს საატესტატო გამოცდებზე. ბუნებრივია ეს იყო საგანგაშო. საზოგადოება ელოდებოდა განათლების სამინისტროსგან და მთავრობისგან, რომ განათლების ვარდნა შეჩერებული ყოფილიყო და გაგრძელებულიყო რეფორმები განათლების სისტემაში.
განათლების სამინისტრომ იმის ნაცვლად, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ეზრუნა, სამწუხაროდ მან გადაწყვიტა გაეეუქმებინა ის მექანიზმი, რომელიც აჩვენებდა, რომ განათლების სისტემაში პრობლემებია. მკითხველისთვის მარტივად რომ ავხსნა, ვიტყვი იმას, რომ ეს არის იმის მაგალითი, რომ როდესაც ადამიანი ავად არის და მას მკურნალობის ნაცვლად უკრძალავენ ანალიზების გაკეთებას. ადამიანი, რომელიც იბრალებს, რომ ექიმია, ამბობს, რომ თუ ანალიზებს არ გაიკეთებს პაციენტი გამოჯანმრთელდება. მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შეგახსენებთ,სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.