საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება.
მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვი დიდი იყოს, რეალურად, არ არსებობს. ელჩის განმარტებით, ამ საკითხზე საბერძნეთის, შვეიცარიის, შვედეთისა და გერმანიის ელჩებს ესაუბრა და პრობლემის განსახილველად შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც აპირებს
“საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ, დაახლოებით, ორი ათასამდე ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან 7 პროცენტს ვაკმაყოფილებდით საშუალოდ, რადგან თავშესაფარს ჩვენ იმ ხალხს ვაძლევთ, ვინც იმის გამო იჩაგრება, რომ LGBT მოძრობის წევრია ან პოლიტიკურად იდევნება
… ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას.
… ჩემი შვედი კოლეგა ამბობს, რომ სტოკჰოლმში დანაშაულების 50 პროცენტში ქართველები მონაწილეობენ. ეს იმიჯი ქართველებს აზიანებს. ვფიქრობ, ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ ჩემი გზავნილი ქართველებისადმი იქნება შემდეგი — ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებთ, რადგან ვერ მიიღებთ, ამის სანაცვლოდ კი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდებით და პრობლემები შეგექმნებათ”, – განაცხადა ელჩმა.