ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა სასუქი პირდაპირ ეთერში შეჭამა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ლადო მგალობლიშვილმა მინერალური სასუქი – კარბამიდი შეჭამა.

როგორც მან აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განმარტა, აღნიშნული სასუქი მინერალურია.

მისივე მტკიცებით, ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა. “იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა, რომ ამ ტყუილებისთვის ბოლო მოგვეღო. აშენდება ბათუმში ტერმინალი და აი ამ ნივთიერების გადაზიდვა მოხდება, მეტი არაფერი”, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა.

20 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი ლადო მგალობლიშვილის ქმედებასაც გამოეხმაურნენ და კლოუნადა უწოდეს.

ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით.

იტვირთბა....