„ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანას მივესალმები”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ე.წ. ფეიქ ნიუსებს ბევრი განვითარებული ქვეყანა ებრძვის.
„ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანას მივესალმები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული ე.წ ფეიქ ნიუსებზე, ცილისწამებაზე. საფრანგეთმა, მაგალითად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ“, – განაცხადა კალაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.