ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოლიძე – მოსამართლეთა სიის გასვლას, “ოცნების” მხარდაჭერის ბოლო გრამების გაუქმება მოყვება

ვფიქრობ, ამ შავი სიის გასვლა არის სირცხვილი. ეგ კი არა, კარგად უნდა ჩავეძიოთ, საიდან მოვიდა ეს სია და როგორ გაბედა საბჭოს ორმა წევრმა, რომ სიაში საკუთარი თავი ჩაიწერა. რა ფორმითაც ეს მოხდა, პარლამენტის წევრი რომ ვყოფილიყავი, ძალიან უკმაყოფილო ვიქნებოდი, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს.

დოლიძის განცხადებით, თუ სია გავიდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი გადაყვა ახალაია-სანოძეს, ასევე გადაყვება მოსამართლეებს “ქართული ოცნებაც”.

“საჯარო სამსახურში ყველაზე დაბალი თანამდებობის სპეციალისტი რომ აყავთ, ბევრად მეტი წვალება უწევს – დიპლომები და ათასი საბუთი უნდა გაგზავნოს, ვიდრე როგორც ეს სია შემოვიდა. ეს სია არ უნდა გავიდეს. არ არსებობს უკან დაბრუნების პროცედურა, მაგრამ არც მისი განხილვის ვალდებულება არსებობს. მოახერხა ჩვენმა პარლამენტმა და ისეთი კონსტიტუცია და კანონმდებლობა მიიღო, რომ ეს დარეგულირებული არაა – ესეც კობახიძის ბრალია. ამიტომ, ეს სია არ უნდა განიხილონ, მიიღონ ახალი პროცედურები, მაგრამ არა თვალის ასახვევი პროცედურები, იურიდიული ტექნიკებით არ გამოვა ამ შემთხვევაში საზოგადოების მოტყუება და ჩინჩალაძის გაყვანა.

ეს ისეთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოება მთლიანადაა ამ თემაზე კონცენტრირებული. რომ გავიდეს სია, ამას მოყვება “ოცნების” მხარდაჭერის ბოლო გრამების გაუქმება და ისტორიულ წარსულში წასვლა. იმ ბოლო გრამების, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა და რომელიც ქართველმა ხალხმა მას ერთი თვის წინ მისცა. როგორც ახალაია-სანოძეს მიყვა სააკაშვილი, ამ სიას მიყვება “ქართული ოცნების” ისტორიული მემკვიდრეობა. ამის პირადი თვითხმილველი ვარ მე”, – აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი და თავად მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ სია არ უნდა გავიდეს.

სიის გამო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ეკა ბესელიამ. მისი ადგილი გედევან ფოფხაძემ დაიკავა, რომელიც ბესელიას მხარდაჭერად მოიაზრება, მაგრამ შემდეგ ფოფხაძესაც დატოვებინეს თანამდებობა.

 

იტვირთბა....