საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატივას, რომელზეც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, პრობლემა სახეზეა და საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე.
„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწისტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსნებთ, პრეზიდენტმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რომ საჭიროა საქართველოში ცილისწამების შესახებ კანონის მიღება.
მისი თქმით, საჭიროა ბალანსის დაცვა ადამიანის ღირსებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, მან ყურადღება სოციალურ ქსელებზე გაამახვილა.
“მედიას აქვს თავისი წესები და აქ უფრო დაცულია ადამიანი. როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს, მე მგონი, საჭიროა, რომ ამ კუთხით ვიფიქროთ. მე არ ვიცი, რა კანონი უნდა მივიღოთ. არც სხვა ქვეყნის გამოცდილების გადმოღების მომხრე ვარ. საფრანგეთი იმიტომ ვახსენე, რომ ახლახან მიიღეს ამ ტიპის კანონმდებლობა”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.