ხვალიდან პირველ თებერვლამდე, რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, კვლავ ძველი ფასით, 1.50 ლარად იქნება შესაძლებელი.
დროებით ძველი ტარიფის დაბრუნების შესახებ რუსთავში განცხადება ცოტა ხნის წინ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა და ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ამასთან, ისინი სთავაზობენ რუსთავის მერიას, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელშიც მძღოლები, ტრანსპორტის პროფესიული კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შევლენ. მძღოლების განცხადებით, სწორედ ექსპერტიზის ბიურომ უნდა დაადგინოს რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე მგზავრობის რეალური ფასი და ისინი დასკვნის მიხედვით იმოქმედებენ.
თუ მერია შეთავაზებას არ დათანხმდა, მძღოლები აქციების გამართვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 2 ლარამდე გაიზარდა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.