“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში “თი ბი სი” ბანკის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ეხმაურება.
“ხელისუფლებასთან აფილირებული სააგენტოები თავს ესხმიან “თი ბი სი” ბანკს და პროკურატურის მასალებს აფრიალებენ, რაც ღია მუქარად უნდა შეფასდეს.
ივანიშვილის მმართველობის დროს, შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, მკვეთრად იკლო უცხოურმა ინვესტიციებმა, გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, გაიზარდა ფასები და სიღარიბე.
ამ სიტუაციაში განსაკუთრებით საგანგაშოა საბანკო სექტორზე თავდასხმა, რაც საფრთხეს შეუქმნის საფინანსო ინსტიტუტების სტაბილურობას და უკან დახევს ქვეყნის ეკონომიკას.
ივანიშვილის მუქარა მით უფრო საშიშია, რადგან მის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება მართლმსაჯულების სისტემა.
10-11 წლის წინანდელი საქმეების ამოქექვა და საბჭოთა სტილის პასკვილების მიძღვნა ბიზნესმენთა დისკრედიტაციის მიზნით, არის უაღრესად საშიში მოვლენა.
პროკურატურის აღნიშნული მუქარა უკვე დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ხელისუფლების მორიგ მავნებლობას წარმოადგენს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ გადაიზრდება საბანკო სისტემის წინააღმდეგ რეალურ სამართლებრივ იერიშში, რაც ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს სახელმწიფოს”, – წერს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა.

