ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ღორის გრიპით გარდაიცვალა.
ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მესტიის საავადმყოფოდან ზუგდიდში 1-ელ იანვარს ცხელების ერთკვირიანი ანამნეზითადა სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მისივე თქმით, ჰოსპიტალში პაციენტს დაუდგინდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ასევე აღენიშნებოდა თანდაყოლილი დაავადებებიც.
„პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა . არის თუ არა გარდაცვალების მიზეზი ღორის გრიპი, ამას ლაბორატორიული კვლევის შედეგები აჩვენებს“ – განაცხადა სულხან ორჟონიამ.
ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი პაციენტი მკურნალობს.