ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამაკაცი, რომელსაც ბათუმში სახურავი დაეცა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც ბათუმში ძლიერი ქარის დროს სახურავი დაეცა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი იოსებ შერვაშიძეა, იგი ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის მენეჯერი იყო.

შემთხვევის დროს 53 წლის მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ქარის დროს ქუჩაში გადმოყრილი საცხოვრებელი სახლების სახურავებისგან მაშველებთან ერთად ასუფთავებდა ქუჩას, რა დროსაც ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი თუნუქის ფირფიტა დაეცა.

მამაკაცი ქალა-ტვინის დახურული ტრამვითა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობით გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი რეანიმაციულ ბლოკში დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მამაკაცის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა, იქვე მდგომი ორი ავტომობილი კი დაზიანდა.

იტვირთბა....