ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა სადაც ის აღნიშნავს, რომ რამიშვილი მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის 20 000 ლარს სთხოვდა, თუმცა, სასამართლომ ერთი ლარის გადახდა დააკისრა.
მეუფის განმარტებით, ამ თანხას ის მურისიძეს და ჩინჩალაძეს გადახდევინებს.
„კანონის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება. მას აქვს უფლება გასაჩივრების, ირბინოს და იყოს. ფაქტი ერთია, არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რაც ბუმერანგივით ცუდად დაგიბრუნდება. უნდა მიხედო შენს თავს, ტვინს, ცხოვრებას და არა „ვანკა სტანსკასავით“ ხან იქ გადახტე და ხან აქეთ, ხან პატიება იქადაგო და ხან, არავის არაფერს ვაპატიებო, გაიძახოდე – ეს გაუგებარია. კი ბატონო, 20 000-ს ვითხოვდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ჩემი პატივი და ღირსება შეუფასებელია. სასამართლომ კი არ დააკისრა, მე თვითონ შევცვალე ჩემი სასარჩელო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. ნუ ცრუობს, გაანებოს ამ ცრუპენტელობას თავი, ამხელა კაცია, ამბიონზე დადგეს, ან იგალობოს, ან რაღაც ქნას, თორემ დავიტანჯეთ“, – აცხადებს რამიშვილი.
ადვოკატი პატრიარქის ქორეპისკოპოსს საკუთარ თავში გარკვევისკენ მოუწოდებს.
„მან თავის თავს გაურკვიოს საერთოდ რა უნდა. ჯერ იმაში გაერკვიოს, ვისგან რას ელოდება და ვის რას სთხოვს. ის გაარკვიოს თვითონ, ვინ არის და მერე ილაპარაკოს. თბილისი და საქართველო ძალიან პატარაა, ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე. პირში კბილები იმიტომ გაქვს, სანამ ენა გაძვრება, კბილი დააჭიროს, მისთვის უკეთესი იქნება. თავის თავს გაურკვიოს საერთოდ ვინ არის და რა უნდა. მან რა უნდა გაარკვიოს? გარკვეულია ყველაფერი“, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა. მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.