„მთავრობის სხდომას ისე ვერ ვატარებთ, რომ არ მოგვიწიოს პასუხის გაცემა სიცრუის მანქანებზე, ტყუილებზე, რომელბსაც “რუსთავი 2″ ახორციელებს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მან ყველა სახელმწიფო უწყებას მოუწოდა, რომ არცერთი ტუილი და სიცრუე არ “გაუტარონ “რუსთავი 2-ს”.
“6 დეკემბერს გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია, რატომ აწვდიან ამ სიცრუეს მოსახლეობას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მინდა ვუთხრა მოსახლეობას. ეს სიუჟეტი იყო 6 რიცხვში და საოცარია ის, რომ ტენდერი კვებაზე გამოცხადებული იყო 4 რიცხვში და ზუსტად მთავრდება დღეს, 12:00 საათზე. დღესვე მოხდება წინადადებების ნახვა, გაიხსნება ტენდერი და გვეცოდინება, ვინ არის გამარჯვებული კომპანია. ახლაც შეუძლებელია, ვნახოთ, ვინ არიან მონაწილეები ამ ტენდერში, რადგან ეს არის დახურული და ვერავის ვერ ექნება შესაძლებლობა, ნახოს ის კომპანიები, ვინც მონაწილეობს. გვეცოდინება გამარჯვებული, როდესაც ეს გაიხსნება და თავისი პროცედურებით დასრულდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე პირადად, ვარ ვალდებული ჩემი მოსახლეობის და ამომრჩევლის წინაშე, რომ ყოველთვის მივაწოდო სწორი ინფორმაცია და ჰქონდეთ წვდომა იმ საკითხებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. “მეორე თემა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავატაროთ, ეს არის გუშინ გაკეთებული სიუჟეტი საახალწლო ღონისძიებებზე, თითქოს დედაქალაქის მერია სცენის მოწყობაში ხარჯავს 2 მილიონ ლარს. თან მაქვს იმ ტენდერების სქრინები, რომელზეც “რუსთავი 2″ გუშინ საუბრობდა და გვიმტკიცებდნენ, რომ 2 მილიონი იხარჯება სცენის მოწყობაზე, დახურვასა და სხვადასხვა სამუშაოზე. ციფრები, რომლებიც აქ არის მოყვანილი, რომ დავაჯამოთ, დაახლოებით გამოდის მილიონ 61 ათასი. საიდან მოიტანეს ციფრი 2 მილიონი? სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ ეს არის ტენდერი იმ სცენაზე, მოწყობილობებზე 2018-2019 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, ეს არის თბილისობა, 26 მაისი, პროექტი თბილისი, ყველა ამ პროექტებისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა სცენა, განათება და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში უნდა მოემსახურონ, გამოდიან და მოსახლეობა შეყავთ შეცდომაში, რომ თითქოს 2 მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ საახალწლოდ სცენა მოვაწყოთ და გადავხუროთ. შეიძლება, კახი კალაძე არ მოგწონდეთ, შეიძლება „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში,” – განაცხადა კალაძემ.