დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი.
მისი თქმით, დღეს სიყვარული საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.
„უმთავრესი არის ის, რისი ნაკლებობაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქალაქში ნათლად იგრძნობა. ის, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების დროს, ეს არის სიყვარული. უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის მიმართ, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმართ, მეტი პატივისცემა გვმართებს როგორც ჩვენ დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი. ვისურვებდი, რომ სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახალი წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და მოსახლეობას, ჩვენს სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი. ყველაზე მეტად დღეს რაც სჭირდება ქვეყანას და ქალაქს, არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი სიყვარული, რადგან საზოგადოება დაიღალა ამდენი სიძულვილით, ბოღმით, ერთმანეთის შეურაცხყოფით. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად, უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ის, რაც დღეს ხდება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავის სიამოვნებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. მინდა, მომავალი წელი იყოს სიყვარულის წელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.