თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა დააკმაყოფილა.
როგორც მიხეილ რამიშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.
“მოსამართლემ ახლა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. საუბარია ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე. ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში, ასევე ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სიმბოლურად ერთი ლარი მოვითხოვე, რადგან ღირსება და პატივი შეუფასებელია. მოსამართლემ ქორეპისკოპოს იაკობს ერთი ლარის სიმბოლურად გადახდა დააკისრა. დიდი მადლობა მოსამართლე ბატონ ირაკლი კოპალიანს, რომელიც არაფერს შეუშინდა”, – განაცხადა რამიშვილმა.
პროცესს არ დასწრები თავადა ქორეპისკოპოსი იაკობი.
“მორიგებაც მინდოდა და მისი ნახვაც, რაში მწამებდა ცილს, მაგრამ ყოველთვის მემალებოდა”, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.