“თანხის ან ძვირფასი საჩუქრების მიღება მასწავლებლების მხრიდან უკანონო შემოსავლის მიღებას ნიშნავს, რაც შესაბამის სამართლებრივ სანქციებს ითვალისწინებს”, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი საჩივრებით სააგენტოში არაერთხელ დაურეკავთ მშობლებს.
„ეს არის ცალსახად უკანონო შემოსავალი. მსგავსი საჩივრებით სააგენტოში არაერთხელ დაურეკავთ მშობლებს, მაგრამ, როდესაც საქმის შესწავლა დავიწყეთ, მათ აღარ ითანამშრომლეს ჩვენთან. ასე კი შედეგს ვერ მივაღწევთ და მსგავს მანკიერ პრაქტიკას ვერ აღმოვფხვრით. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ბაღს აქვს საკმარისი ბიუჯეტი ნებისმიერი სახის ხარჯისთვის, რომელსაც ბაღი საკუთარი სურვილით განკარგავს. ეს არის წლიური ბიუჯეტის 3%, რაც არ არის მცირე თანხა, რადგან ზოგიერთი ბაღის დაფინანსება მილიონს შეადგენს. მოვუწოდებ მშობლებს, ითანამშრომლონ სააგენტოსთან, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ ამოვძირკვოთ,“ – განაცხადა გვანცელაძემ.
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება.