რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დახვეწილი უნდა იყოს.
ბასა ფოცხიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული.
„გუშინ თელავში, ერეკლე მეორის სასახლე დავათვალიერეთ. თამარ ფოცხიშვილია ხოლმე ჩემი მხატვარი. ჩამოვყალიბდებით, ჯერ დეტალები არ ვიცით, პროექტიც არ გაგვიკეთებია, უბრალოდ ადგილი დავათვალიერეთ და გადავიღეთ. 15:00 საათზე მაქვს შეხვედრა და თუ დადასტურდა, რომ მე ვაკეთებ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება. მთავარია, პიროვნება ძლიერი და საინტერესო ადამიანი იყოს, ასევე იყოს კარგი პრეზიდენტი საქართველოსთვის. ინაუგურაციაზე გარკვეული წესებია დასაცავი. რადგან პირველი ქალი პრეზიდენტია, ვფიქრობ, განსაკუთრებულად დახვეწილი უნდა იყოს. ევროპისა და საქართველოს თანხვედრა იქნება პროტოკოლისა და დახვეწილობის ნაწილი. დეტალები უკვე მოგვიანებით მეცოდინება“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა დღეს დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.