გერმანელმა ფილოსოფოსმა, იმანუელ კანტმა რუსეთის ოფიციალური პირებისა და მოსახლეობის ნაწილის აგრესია დაიმსახურა, მას შემდეგ, რაც გამოკითხვაში “აირჩიე სახელი ქალაქის აეროპორტისთვის”, სწორედ ის ლიდერობდა.
როგორც BBC წერს, რუსმა ვიცე-ადმირალმა კანტს მოღალატე უწოდა, მოქალაქეთა ნაწილმა კი მოაზროვნის ძეგლს საღებავები შეასხა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გერმანელი მოაზროვნე რუსოფობადაც მოიხსენიეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ისტორიული ცნობები არ მოიპოვება.
Кант – предатель!
Gepostet von Роисся24 am Montag, 3. Dezember 2018
კანტის წინააღმდეგ მიმართული ვანდალური ქმედებები კალინინგრადში, გასულ კვირას დაიწყო, ქანდაკების შემდეგ საღებავები შეასხეს მის მემორიალსაც, სადაც ადრე თავად ფილოსოფოსის სახლი იყო. იქვე გავრცელდა ბუკლეტები წარწერით: “გერმანელი კანტის სახელი ვერ შებღალავს ჩვენს აეროპორტს”.
ზემოთ აღნიშნულ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი 1724 წელს, გერმანიის ქალაქ კიონიგსბერგში დაიბადა (ახლა ეს ქალაქი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და მას კალინინგრადი ჰქვია) და ცხოვრების დიდი ნაწილიც იქ გაატარა.
ის თანამედროვე ფილოსოფიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. კანტის გავლენა მოიცავდა და მოიცავს ფილოსოფიის თითქმის ყველა სფეროს: მეტაფიზიკას, შემეცნების თეორიას, ეთიკას, ესთეტიკას, ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას, პოლიტიკურსა და სამართლის ფილოსოფიას. გარდა ამისა, კანტს მნიშვნელოვანი აღმოჩენები ეკუთვნის ბუნების მეცნიერებებშიც, სახელდობრ, ასტრონომიაში(library.iliauni.edu.ge).