საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეეჭვება სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მისცეს.
“პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და ეს მოქალაქეობის საკითხი არაა, არამედ მართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა. “აშკარა პრობლემაა მის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ და დღეს გააკეთა. ის მოუწოდებდა პოლიციელებს და სამხედროებს ვიღაცის მხარე დაეჭირათ. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. ის დღეს უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ამ ქვეყანას არასტაბილურობა არ სჭირდება. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მისცა – ეს სტაბილურობისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიცემული ხმებია”, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.