არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაიმარჯვა ქალმა, თუმცა წვლილი მის გამარჯვებაში სხვა ქალმა შეიტანა”

„არჩევნები, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის მიმართ შიშის ფაქტორმა მოიგო, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ლაგაზიძემ „მეტრონომთნ“ საუბრისას აღნიშნა, უცნაური ის არის, რომ სხვა ქალი კანდიდატი ავირჩიეთ, თუმცა გამარჯვებაში მასზე მეტი წვლილი სხვა ქალმა პოლიტიკოსმა – ირმა ინაშვილმა შეიტანა. „პერსონალურად თუ ვინმემ მოიგო ეს არჩევნები, ესენი იყვნენ: ბიძინა ივანიშვილი, საშა კაცმანი – „ქართული ოცნების“ პიარის ხელმძღვანელი და არის ამ სფეროში, საქართველოში ერთ-ერთი ყველზე კვალიფიციური ადამიანი, მესამე მოშე გლუკჰარტი, რომელიც სწორედ კაცმანმა მოიწვია. ამ სამი ადამიანის დამსახურებაა „ქართული ოცნების“ გამარჯვება, თუ პერსონალიებზე ვისაუბრებთ და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ირმა ინაშვილისაც. უცნაური ის არის, რომ ავირჩიეთ სხვა ქალი კანდიდატი და მის მოგებაში, მასზე უფრო დიდი წვლილი, სულ სხვა ქალმა პოლიტიკოსმა, – ირმა ინაშვილმა შეიტანა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. მისივე თქმით, ეფექტური პიარი არ ნიშნავს მორალურ პიარს. „ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარ მოსახლეობაზე, ორივე მხრიდან – როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის. მეორე ტურში, განსაკუთრებით, „ქართული ოცნებისგან“ იგრძნობოდა ფსიქოლოგიური ტერორი, თუმცა შედეგზე ორიენტირებული პიარი იყო“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლის ხმათა 59.52 პროცენტით იმარჯვებს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც მხარს გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშია” უჭერდა, ხმათა 40.48 პროცენტი აქვს.

 

იტვირთბა....