“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტურს აკვირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა პირველი საათის მონაცემები შეაჯამა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა.კერძოდ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა.
“პირველი ტურის მსგავსად, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლება დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში, სავარაუდოდ, ფული გადასცეს. ეს 4 შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებთან:
• #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანი
• #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანი
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანიდილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ასეთი პრობლემა 18 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა”, – თქვა გიგაურმა.
ეკა გიგაურის თქმით, 11 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ასევე ხდებოდა კენჭისყრის შენობაში მისული ამომრჩევლის აღრიცხვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.