ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ საქართველო ევროსტრუქტურებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ეს არის ისტორიული შანსი.

პრემიერმა ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები, რომლებსაც ევროპელ კოლეგებს გააცნობენ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. სპეციალურად შეიქმნა ეს ფორმატი საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვნ გვექნება შეხვედრები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან იუნკერთან. ეს არის სპეციალურად შექმნილი ფორმატი საქართველოსთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენს ევროპარტნიორებთან ერთად დავსახოთ ახალი გზები და ახალი მიზნებით, თუ როგორ უნდა დავუახლოვოთ კიდევ უფრო მეტად საქართველო ევროპას. ჩვენ ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ. შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ამასთან ერთად, ჩვენ გვექნება თემატური განხილვები ყველა მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებში, ისეთი, როგორიც არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო და სხვა მიმართულებები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური. დავაჩქაროთ და მივიღოთ უფრო მეტი კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამასთან ერთად, ევროკომისიის დონეზე იხილება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივებს ამ ვიზიტის ფარგლებში წარმატებით დავასრულებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, სადაც რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები მიიღებენ მონაწილეობას.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. შედგება მამუკა ბახტაძის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რის შემდეგაც მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრთა კაბინეტის წევრების თემატური შეხვედრები ევროკომისრებთან.

იტვირთბა....