იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნები 28 ნოემბერს, შუა კვირაში გაიმართება.
“აბა, როგორ წარმოგიდგენიათ 21 წლის ადამიანი, რომელიც რომელიმე სუპერმარკეტში მუშაობს დღეში 12 საათი 400 ლარად რომ ადგება და თავის უფროსს ეტყვის, დღეს არჩევნებია და ხმის მისაცემად უნდა წავიდეო? არჩევნების დანიშვნა შუა კვირაში პრობლემებს შეუქმნის არა მარტო დიასპორას, ვინც ისედაც კილომეტრები უნდა გაიაროს საელჩომდე; ის პრობლემებს შეუქმნის რეგიონებში რეგისტრირებულებს, მათ შორის თბილისში მყოფ სტუდენტებს, რომლებიც ისედაც არ აქტიურობენ არჩევნებზე. ის ასევე შეუქმნის პრობლემებს კერძო სექტორში დასაქმებულებს, ვისი უფროსებიც ისედაც იშვიათად სცემენ პატივს შრომის კოდექსს; წელს რაც პრობლემებიც ვნახე საჯარო სექტორის მხრიდან ხალხის შვებულებებში გაშვებასთან დაკავშირებით, აქაც ბევრი კითხვის ნიშნებია. ასე რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება კანონიერია, მაგრამ ყოვლად გაუმართლებელია”, – წერს დოლიძე.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღე უქმედ ცხადდება.