ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

2017 წელს ოჯახში ძალადობის გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა

“გასულ წელს ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის 31 შემთხვევა დაფიქსირდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ქალთა მკვლელობების ანალიზისა და ძირითადი მიგნებების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-მ წელს გაითვალისწინა ომბუდსმენის რეკომენდაცია და დანერგა რისკების შეფასების და მონიტორინგის მექანიზმი.

„2017 წელს მოხდა ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის 31 ფაქტი, რაც ოჯახში ძალადობის მოტივზე იქნა ჩადენილი და ოჯახის წევრები ფიგურირებენ, როგორც მოძალადეები. რაც შეეხება შსს-ს გუშინდელ განცხადებას, შემიძლია გითხრათ ციფრები, რაც ექვსი თვის მონაცემებით ჩვენს ხელთ არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ოჯახში ძალადობის მოტივით დაღუპული არის ოთხი ქალი და მკვლელობის მცდელობა არის ხუთ შემთხვევაში დამდგარი. თუ შევადარებთ წინა წლის მონაცემებს, გარკვეული დინამიკა გვაქვს უკეთესობისკენ, თუ შეიძლება ასე თქვას. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელი სტაბილურად გვქონდა მაღალი მაჩვენებელი ქალთა მკვლელობების და იმედს ვიტოვებ, წლევანდელი წლიდან გაუმჯობესდება მდგომარეობა, რადგან ჩვენი მთავარი რეკომენდაცია შსს-მ სწორედ წელს გაითვალისწინა და დანერგა რისკების შეფასების და მონიტორინგის მექანიზმი. ჩვენი მონაცემებიც ანგარიშში ცხადყოფს, რომ 17 შემთხვევა, რომელიც შევისწავლეთ, ხუთ ქალს მიმართული ჰქონდა პოლიციისთვის, მათ შორის ერთ შემთხვევაში 2-ჯერაც კი, მაგრამ დადგა გარდაცვალება. ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ომბუდსმენის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივი ძალისხმევით, მომავალ წლებში ჩვენ გვექნება გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ძალადობის“, – აცხადებს ლომჯარია.

კონფერენცია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

იტვირთბა....